ENG GEO
რეგისტრაცია
სიახლეები - განაცხადების მიღება პროექტის - Be Museumer I ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

განაცხადების მიღება პროექტის - Be Museumer I ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

24.01.2019
პროექტი Be Museumer
ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპის კონკურსში გამარჯვებული პროექტი  Be Museumer შემუშავდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ და ხორციელდება ევროპის ორ პარტნიორ ორგანიზაციასა (NEMO-ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი და ნიდერლანდების კულტურის მენეჯმენტის აკადემია) და ICOM საქართველოსთან თანამშრომლობით. პროექტი მოიცავს სამწლიან საერთაშორისო  ტრენინგ-პროგრამას სამხრეთ კავკასიის რეგიონის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუზეუმების თანამშრომელთათვის. 
პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნისა და მენეჯმენტის უნარების განვითარებას 21-ე საუკუნის სამუზეუმო გამოწვევების საპასუხოდ. პროექტის თანახმად, დაგეგმილია 14 ტრენინგის, 7 ონლაინ-კურსის (ვებინარი), სასწავლო ვიზიტების (სამხრეთ კავკასიის, ამსტერდამის და ბერლინის მუზეუმებში), ფორუმისა და სიმპოზიუმის ორგანიზება, აგრეთვე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების გამოცემა და სხვა აქტივობები (მუზეუმის მისია, ფასეულობების განსაზღვრა,  ლიდერობა, სამუზეუმო განათლება, სოციალური და ეკონომიკური როლი, სამუზეუმო მარკეტინგი, ფანდრეიზინგი, ციფრული ტექნოლოგიები, სამუზეუმო სერვისები და მასპინძლობა, აუდიტორიის განვითარება და სხვ.). პროგრამის მონაწილეებისათვის სასწავლო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფენ ევროპელი ექსპერტები პარტნიორი ორგანიზაციებიდან.  
პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ ტრენინგში მონაწილეობის მიღებაზე კონკურსები გამოცხადდება ცალ-ცალკე. 
ვრცლად პროექტის შესახებ იხ. ბმული
 
I ტრენინგის თემა:  სამუზეუმო განათლების საკითხები. 
თბილისი, 27 თებერვალი - 1 მარტი, 2019
საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამის Be Museumer  ფარგლებში I ტრენინგი ჩატარდება სამუზეუმო განათლების როლის, ფასეულობების, თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების საკითხებზე. ტრენინგს გაუძღვება ექსპერტი მარგარიტა სანი - ემილია-რომანიას რეგიონის (იტალია) კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის სამუზეუმო პროექტების მენეჯერი, NEMO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი,  ევროპის სამუზეუმო აკადემიის ექსპერტი და ICOM/ICTOP-ის წევრი. 
 
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან და შეისწავლიან სამუზეუმო განათლების საფუძვლებს, არაფორმალური განათლების როლსა და ფუნქციებს, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპებსა და საზოგადოებრივი ჩართულობის მიმართულებებს, სამუზეუმო განათლების ევროპულ გამოცდილებას და პერსპექტივებს. გარდა ამისა, მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა  ექსპერტსა და სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილონ სამუზეუმო განათლების მათთვის საინტერესო საკითხები და მიიღონ კონკრეტული რეკომენდაციები ამ მიმართულებით.  
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეთათვის დამატებით ჩატარდება ონლაინ-კურსი სამუზეუმო განათლების საკითხებზე.
I ტრენინგი და  ონლაინ-კურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
 
დეტალური ინფორმაცია ტრენინგისა და მონაწილეობის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე
 
ტრენინგში მონაწილეობაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 8 თებერვალი, 18.00 სთ.  
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: bemuseumer@gmail.com 
 
პროექტის ვებ-გვერდი www.museumers.ge ამოქმედდება 2019 წლის თებერვალში.